logo
ENG



"ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე ვსაუბრობთ" - შამბამ და ყოლბაიამ ონლაინ შეხვედრაზე ისაუბრეს

30 ნოე 202312:27
3 წუთის საკითხავი
 

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შამბა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარეს და უმაღლესი საბჭოს ამჟამინდელ წევრს, ვახტანგ ყოლბაიას ესაუბრა.

მათი შეხვედრა ონლაინ ფორმატში გაიმართა. ინფორმაცია თავდაპირველად აფხაზურმა მედიამ გაავრცელა.

ფორმულასთან საუბრისას ვახტანგ ყოლბაიამ დაადასტურა, რომ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ეკონომიკურ ურთიერთობებს, თუმცა კონკრეტულად რაზე იმსჯელეს, არ დააკონკრეტა. შეხვედრის შესახებ ფორმულამ კითხვა აფხაზეთის ე.წ. პრემიერმინისტრსაც დაუსვა, თუმცა ალექსანდრ ანქვაბმა თქვა, რომ "ამ შეხვედრის შესახებ არაფერი სმენია".

"არაფერი ვიცი ამ საუბრის შესახებ. გიმეორებთ, ამის შესახებ არაფერი მსმენია" - უთხრა ფორმულას ალექსანდრ ანქვაბმა.

არაფორმალური შეხვედრის შესახებ მეტი დეტალის გასარკვევად ფორმულა აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანსაც დაუკავშირდა, თუმცა სერგეი შამბამ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

რაც შეეხება ვახტანგ ყოლბაიას, მან თქვა, რომ 30 წლის შემდეგ ეს იყო მისი პირველი კომუნიკაცია სერგეი შამბასთან და აღნიშნა, რომ მათ ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე ისაუბრეს.

"ლაპარაკი იყო ძალიან მოკლე. 30 წელია ერთმანეთს არ დავლაპარაკებულვართ, პრაქტიკულად, პირველად მოხდა ასეთი პირისპირ შეხვედრა ონლაინ რეჟიმში და დამიდასტურა, რომ შესაძლებელია პირდაპირი დიალოგი. ჩვენ ქართულ-აფხაზურ ურთიერთობაზეც ვლაპარაკობთ. როცა ლაპარაკია დიალოგზე, მოიაზრება ყველაფერი, რაც არის მტკივნეული და რაც არის შესაძლებელი", - თქვა ვახტანგ ყოლბაიამ ფორმულასთან საუბრისას.


close დახურვა